#Human Rights
Target:
Georgian Young Lawyer's Association
Region:
Georgia
Website:
www.gyla.ge


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინციატივით 2010 წლის 13 ივლისს გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „არასამთავრობო ორგანიზაციათა დაბეგვრის წესი ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით“.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის ის ნაწილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გადასახადების გაზრდას შეეხება.

ასევე შემუშავდა შესაბამისი მიმართვის ტექსტი.

საია არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს შეუერთდნენ აღნიშნულ მიმართვას და ხელი მოაწერონ პეტიციას!

შენიშვნა: გთხოვთ, სახელის ან გვარის ველში მიუთითეთ თქვენი ორგანიზაციის დასახელება.

2010 წლის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტმა ახალი საგადახადო კოდექსის განხილვა დაიწყო. კოდექსის პროექტის 308-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2011 წლის 1 იანვრიდან 20%-მდე იზრდება.
დღეისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გრანტით მიღებული სახსრებიდან გაცემული ანაზღაურებისათვის შეადგენს 12%-ს, ხოლო 2011 წლის პირველი იანვრიდან მისი გაზრდა დაგეგმილი იყო 18%-მდე. ასევე, მოქმედი კოდექსის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან გრანტის სახით მიღებული შემოსავლიდან ანაზღაურების დაბეგვრა უნდა შემცირებულიყო 15%-მდე. მთავრობის მიერ შემუშავებული პროექტით კი, 15% განაკვეთის ამოქმედებამ 2014 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. რაც იმას ნიშნავს, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 იანვრამდე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20% იქნება; 2013 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე 18% და მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან გახდება 15%.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული და ინიცირებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად და მოულოდნელად ზრდის არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის გრანტის სახით მიღებული სახსრებიდან ანაზღაურების გაცემისას დადგენილ გადასახადს. საშემოსავლო გადასახადის მოულოდნელი ზრდა ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ზეპირ შეთანხმებას, რომ გადასახადის გაზრდა სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა მომხდარიყო.
სამწუხაროდ, ახალი საგადასახადო კოდექსის შემუშავება დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ყოველგვარი ჩართულობისა და გამჭვირვალობის გარეშე. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოებას არ ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინდა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის საგადასახადო რეჟიმის ცვლასთან დაკავშირებული საკითხის განხილვაში. აღნიშნულმა დახურულობამ წაგვართვა შესაძლებლობა, ვყოფილიყავით იმ პროცესის მონაწილე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს საქმიანობას.
საგადასახადო კოდექსის პროექტით იგნორირებულია ის გარემოება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ წარმოადგენენ მოგებაზე ორიენტირებულ დაწესებულებებს, მათი შემოსავლის ძირითად და როგორც წესი, ერთადერთ წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ გამოყოფილი გრანტები და დახმარებები. აღნიშნული თანხები, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობა, ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშეწყობას და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას, ხშირ შემთხვევაში კი, ისეთი სერვისების განხორციელებას, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა ფაქტორის გამო თავად ვერ სთავაზობს მოსახლეობას.
ჩვენი აზრით, კოდექსის პროექტის აღნიშნული სახით მიღება მხოლოდ ხელს შეუშლის არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობას და ეწინააღმდეგება დონორი ორგანიზაციების ინტერესს _ მათ მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხები მაქსიმალურად იქნეს მიმართული კონკრეტული მიზნის მიღწევისკენ.
გრანტის სახით გამოყოფილი თანხის დაბეგვრის ზრდა მძიმე ტვირთად დააწვება არასამთავრობო სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურებას, რაც არასამთავრობო სექტორში კიდევ უფრო გაამწვავებს ადამიანური რესურსების ნაკლებობის პრობლემას.
აქვე, ყურადსაღებად მიგვაჩნია უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები და დღეს არსებული მდგომარეობა. 2008 წელის აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო უფრო კრიტიკული გახდა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, გაიზარდა მოწყვლად ჯგუფთა რაოდენობა. შესაბამისად, დღეს უფრო აქტუალურად დგას საგადასახადო შეღავათების შენარჩუნების აუცილებლობა, ვიდრე ეს იყო სამი წლის წინ, როდესაც მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის 12%-იანი საშემოსავლო გადასახადის შენარჩუნებაზე შეთანხმება მოხდა.
შესაბამისად, ქვემოთ ხელისმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას და მოვითხოვთ:
. გაგრძელდეს საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის დადებული მორატორიუმის მოქმედების ვადა სამი წლით, კერძოდ, გრანტის სახით მიღებული თანხის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების დაბეგვრა განხორციელდეს 12%-იანი განაკვეთით 2014 წლის 1 იანვრამდე;
. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, საგადასახადო განაკვეთის გაზრდა განხორციელდეს მხოლოდ სამოქალაქო სექტორსა და მთავრობას შორის კონსულტაციების საფუძველზე.

GoPetition respects your privacy.

The არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა petition to Georgian Young Lawyer's Association was written by GYLA and is in the category Human Rights at GoPetition.